Xiaomi – მიმზიდველი ბრენდი, რომელიც ბაზარზე დაბალი ფასებისა და მაღალი წარმადობის მოწყობილობებით გამოჩნდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ არსებობს ბაზრის 2 სახეობა: ჩინური ბაზარი და სხვა დანარჩენი (განსხვავება არის ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფაშიც), ეს სტატია ეხება სწორედ ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ ტელეფონებს.

საქმე იმაშია, რომ ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს აქვს მხოლოდ 2 ენა (ჩინური და ინგლისური) და არ მოყვება Google-ს სერვისები, მათ შორის ყველა ანდროიდის მოყვარულისთვის საყვარელი Play Store, ასევე შედარებით იაფად არის შესაძლებელი ჩინური ვერსიის ყიდვა ვიდრე გლობალური ვერსიის, მაგრამ ეს აქამდე პრობლემას არ ქმნიდა, ხოლო ახლა ჩინური ვერსიის პროგამული უზრუნველყოფის ჩანაცვლება გლობალური ვერსიის უზრუნველყოფით შეიძლება გამოიწვიოს ტელეფონის გაფუჭება (ე.წ. Brick).

 

ამ საკითხზე Xiaomi-ს ფორუმზე 12 სექტემბერს გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადება

ძვირფასო MI-ს ფანებო, არის ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება/განახლების დროს.

1. Xiaomi-ს სმარტფონები, რომელიც გამოშვებულია ჩინური ბაზრისთვის, არაა განკუთვნილი MIUI-ს გლობალურ ვერსიაზე მუშაობისთვის.

2. Xiaomi-ს სმარტფონები, რომელიც გამოშვებულია გლობალური ბაზრისთვის, არაა განკუთვნილი MIUI-ს ჩინურ ვერსიაზე მუშაობისთვის.

ჩვენ გირჩევთ Xiaomi-ს სმარტფონები შეიძინოთ ოფიციალური ან ავტორიზებული არხების მეშვეობით და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ რამდენჯერმე.

მადლობას გიხდით გაგებისთვის.
შეტყობინება MIUI-ს ფორუმის ადმინისტრაციისგან.

სამწუხაროდ ადმინისტრაციას განცხადების გაკეთება დააგვიანდა, რადგან ამ დროს უკვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააფუჭა თავისი სისტემა.

ვის ეხება პრობლემა?

პირველ რიგში ეს პრობლემა ეხება მათ, ვისაც უნდოდა ტელეფონის ყიდვა უფრო იაფად ვიდრე მაღაზიაში, კერძოდ ალიექსპრესზე ტელეფონზე საშუალო ფასი 20-30%-ით იაფი იყო ვიდრე მაღაზიაში გლობალური ვერსიის. გამოიწერდით ჩინურ ბაზრისთვის განკუთვნილ ტელეფონს, ჩაწერდით გლობალურ ვერსიას და იყავით ბედნიერები იაფად, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამ კატეგორიით არ შემოიფარგლა.

მეორე კატეგორია ვისაც პრობლემა შეექმნება არიან ენთუზიასტები, იმის გამო რომ ჩინური ვერსიის პროგრამული განახლებები უფრო ადრე გამოდის ვიდრე გლობალურის, დეველოპერები იწერდნენ ჩინურ ვერსიას და შესაბამისად ღებულობდნენ ბოლო სიახლეებს.

ეს პრობლემა შეეხო Xiaomi-ს ყველა სმარტფონს რომელიც გამოშვებულია 2018 წელს, ერთადერთი გამონაკლისი არის Pocophone F1, რომელიც არის Xiaomi-ს ქვებრენდის მიერ გამოშვებული სმარტფონი.

როგორ ავირიდოთ თავიდან ეს პრობლემა?

იმისთვის რომ ტელეფონის მაგივრად აგური არ შეგვრჩეს ხელში, გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება/ინსტალაციამდე საჭიროა მოითხოვოთ Bootloader-ზე ბლოკის მოხსნა* (სტანდარტულად Bootloader-ი დაბლოკილია), რაც საშუალებას მოგვცემს რომ ტელეფონში არა მხოლოდ ოფიციალური პროგამა ჩავწეროთ რეგიონის ცვლილებით, არამედ მოვიპოვოთ ადმინისტრატორის უფლებები (Root), ჩავწეროთ სხვა პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.

  • Bootloader-ის განბლოკვისას გეკარგებათ გარანტია!

როგორ გავაცოცხლო “მკვდარი” ტელეფონი?

არის ერთი ვარიანტი რომელიც შეგიძლიათ ცადოთ, გაცოცხლება EDL რეჟიმით, შემდეგი ინსტრუქციით:

  1. გათიშეთ სმარტფონი, დაელოდეთ სრულად გათიშვას, რომ გაითიშება დააჭირეთ ჩართვას და ხმის აწევას ერთდროულად
  2. როგორც კი ვიბრაციას იგრძნობთ გაუშვით ჩართვის ღილაკს და გეჭიროთ ხმის აწევის ღილაკზე, გამოვა შესაბამისი ფანჯარა
  3. გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ პუნქტი Download და MiFlash პროგრამის საშუალებით ჩაწერეთ ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფა. (ინსტრუქციას MiFlash-ის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ზემოთ ბმულზე)

იმ შემთხვევაში თუ ამ მეთოდმა არ იმუშავა, მოგიწევთ ფასიანი სერვისის გამოყენება, რომელსაც გვთავაზობენ 4PDA-ს ფორუმზე, დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე 4PDA.

 

რეალურად Xiaomi-ს ფანებს გლობალური ვერსიის მისაღებად დარჩათ 3 ვარიანტი

  1. შეიძინოთ ჩინური ვერსია და 1 თვე დაელოდოთ Bootloader-ის გახსნას
  2. გამოიყენოთ სხვადასხვა არაოფიციალური პროგრამები Bootloader-ის გასახსნელად
  3. შეიძინოთ გლობალური ვერსია ოფიციალურ მაღაზიაში ან ავტორიზებულ გადამყიდველთან.