ფარშევანგის ბუმბულებს ლაზერის სხივების გამოყოფა შეუძლიათ
ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფარშევანგის ბუმბულებს, რომლებიც ცნობილია თავისი მოელვარე ფერებით, მრავალჯერადი შეღებვის შემდეგ ლაზერული სინათლის გამოყოფა შეუძლიათ. ეს, შესაძლოა, ცხოველთა სამყაროში აღმოჩენილი პირველი ბიოლაზერული რეზონატორი იყოს.

ბუმბულებს შეუძლიათ, ლაზერული სინათლის ორი სიხშირე გამოყონ თავიანთი ფერადი „თვალისებრი ლაქების“ სხვადასხვა რეგიონიდან.
ფარშევანგის ბუმბულები დიდად ფასობს თავისი კაშკაშა, ირიდესცენციული ფერების გამო, მაგრამ, როგორც ირკვევა, მათ ასევე შეუძლიათ ლაზერული სინათლის გამოყოფა, როდესაც მრავალჯერადად იღებებიან. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში. ავტორების თქმით, ეს ცხოველთა სამყაროში ბიოლაზერული რეზონატორის პირველი მაგალითია.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, კაშკაშა ირიდესცენციული ფერები ისეთ რაღაცებში, როგორიცაა ფარშევანგის ბუმბულები და პეპლის ფრთები, პიგმენტური მოლეკულებიდან კი არ მოდის, არამედ მათი სტრუქტურიდან.
ფარშევანგის ბუმბულების შემთხვევაში, ირიდესცენციულ ფერებს ბარბულების — ბოჭკოს მსგავსი კომპონენტების, რომლებიც კერატინით დაფარული მელანინის მოწესრიგებული ღეროებისგან შედგება — რეგულარული, პერიოდული ნანოსტრუქტურები წარმოქმნის. სხვადასხვა ფერი ბარბულების სხვადასხვა დაშორებას შეესაბამება.
ორივე ბუნებაში არსებული იმის მაგალითია, რასაც ფიზიკოსები ფოტონურ კრისტალებს უწოდებენ. ფოტონური კრისტალები ისეა მოწესრიგებული, რომ სინათლის გარკვეულ ტალღის სიგრძეებს ბლოკავს, სხვებს კი — ატარებს.
ბუნებიდან ლაბორატორიამდე
წარსულში შემთხვევითი ლაზერული ემისიების მაგალითები დაფიქსირებულა ყველაფერში, შეღებილი ძროხის ძვლებიდან და ლურჯი მარჯნის ჩონჩხებიდან დაწყებული, მწერების ფრთებით, თუთიყუშის ბუმბულებითა და ადამიანის ქსოვილით დამთავრებული. ამ უახლესი კვლევის ავტორები დაინტერესებულნი იყვნენ, შეეძლოთ თუ არა მსგავსი ლაზერული ემისიების წარმოქმნა ფარშევანგის ბუმბულების გამოყენებით და, იმედოვნებდნენ, რომ კონკრეტულ მექანიზმსაც აღმოაჩენდნენ.
გუნდმა ექსპერიმენტებისთვის სუფთა, შეუღებავი ფარშევანგის ბუმბულები გამოიყენა. მათ ბუმბულები ჩვეულებრივი საღებავებით გაჟღენთეს, ზოგ შემთხვევაში — მრავალჯერადად. შემდეგ მათ ნიმუშები სინათლის იმპულსებით „დაბომბეს“ და ნებისმიერი შედეგად მიღებული ემისია გაზომეს.
გუნდმა დააფიქსირა ლაზერული ემისიები ორ განსხვავებულ ტალღის სიგრძეზე ბუმბულების „თვალისებრი ლაქების“ ყველა ფერის რეგიონისთვის, ყველაზე ინტენსიური ლაზერული სინათლე კი მწვანე რეგიონებიდან გამოიყოფოდა. თუმცა, მათ არ დაუფიქსირებიათ ლაზერული ემისია იმ ბუმბულებიდან, რომლებიც მხოლოდ ერთხელ იყო შეღებილი, არამედ მხოლოდ იმ ნიმუშებიდან, რომლებმაc მრავალჯერადი დასველებისა და სრული გაშრობის ციკლი გაიარეს.
ავტორებმა ვერ შეძლეს იმ ზუსტი მიკროსტრუქტურების იდენტიფიცირება, რომლებიც ლაზერულ გამოსხივებაზე იყო პასუხისმგებელი. ფლორიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანაავტორმა, ნათან დოუსონმა, Science-თან საუბარში ივარაუდა, რომ, შესაძლოა, ცილის გრანულები ან მსგავსი მცირე სტრუქტურები ბუმბულების შიგნით ლაზერულ რეზონატორად ფუნქციონირებდეს. ის და მისი კოლეგა ფიქრობენ, რომ ერთ დღეს, მათმა ნაშრომმა, შესაძლოა, ბიოთავსებადი ლაზერების შემუშავებამდე მიგვიყვანოს, რომელთა უსაფრთხოდ ჩანერგვაც ადამიანის სხეულში სენსორული, გამოსახულებითი და თერაპიული მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






