შენაძენის შემდეგ, ათასობით Whistle-ის შინაური ცხოველების ტრეკერი IoT-ს სასაფლაოზე ხვდება
კონკურენტი კომპანია Tractive-ის მიერ Whistle-ის შეძენის შემდეგ, ყველა არსებული Whistle-ის შინაური ცხოველების ტრეკერი 31 აგვისტოს მუშაობას შეწყვეტს. მომხმარებლებს, რომლებსაც მოწყობილობები ნაყიდი აქვთ, ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ახალი გამოწერის შეძენა მოუწევთ.

Whistle-ის შინაური ცხოველების მონიტორები 31 აგვისტოს მუშაობას შეწყვეტს.
Whistle-ის შინაური ცხოველების ტრეკერები ნივთების ინტერნეტის (IoT) სასაფლაოსკენ მიემართება. 2013 წელს პირველი პროდუქტის გამოშვების შემდეგ, სიეტლში დაფუძნებული Whistle ახლახან შეიძინა კონკურენტმა, რომელმაc გადაწყვიტა, Whistle-ის ყველა „ჭკვიანი“ GPS და აქტივობის მონიტორი გააუქმოს (დააბრიქოს).
Tractive-მა, ავსტრიულმა კომპანიამ, რომელიც ასევე 2013 წლიდან ყიდის ინტერნეტთან დაკავშირებულ GPS ტრეკერებს შინაური ცხოველებისთვის, ორშაბათს Whistle-ის Mars Petcare-ისგან შეძენის შესახებ გამოაცხადა.
Tractive-მა Whistle-ი აშშ-ში თავისი ბიზნესის გასაფართოებლად იყიდა. 30 სექტემბრამდე, Whistle-ის მფლობელებს შეუძლიათ, მიიღონ Tractive-ის მოწყობილობები იმ Whistle-ის ტრეკერების სანაცვლოდ, რომლებსაც Tractive-ი აუქმებს. ადამიანებს, რომლებსაც ამჟამად Whistle-ის გამოწერა აქვთ, მათი გამოწერა ახალ Tractive მოწყობილობაზე გადავა. ხოლო მათ, ვისაც Whistle-ის მოწყობილობა, მაგრამ გამოწერა არ აქვთ, ჩანაცვლების მისაღებად „Tractive-ის გამოწერისთვის თანხის გადახდა“ მოუწევთ. Tractive-ის გამოწერა წელიწადში $108-დან იწყება.
მიუხედავად Whistle-ის ტექნოლოგიის შეძენისა, Tractive-ი აცხადებს, რომ ორივე, საკუთარი და Whistle-ის, პლატფორმის ერთდროულად მართვა ზედმეტად რთული იქნებოდა.
„...ორი ცალკეული ეკოსისტემის — მოწყობილობების, აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფის — შენარჩუნება და განვითარება სირთულეს აორმაგებს და, შესაძლოა, შეზღუდოს მომსახურების ხარისხი და ინოვაცია,“ — ნათქვამია Tractive-ის ვებსაიტზე.
ტრეკერიდან ნაგავში
Tractive-ის მოწყობილობებს აქვს ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც Whistle-ის პროდუქტებს აკლია, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის მონიტორინგი. თუმცა, Whistle-ის ზოგიერთი მომხმარებელი ამ ცვლილებით მაინც არ არის მოხიბლული, რადგან Tractive-ის მოწყობილობებს არ აქვთ Whistle-ის ყველა ფუნქცია, მათ შორის შინაური ცხოველების ლოკვის, ფხანის, ჭამის, სმისა და ძილის მონიტორინგი.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ამ ფუნქციებს ეყრდნობოდა, Reddit-ზე განმარტა:
„ეს ჩემთვის იმიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ ჩემს ძაღლს საკმაოდ ცუდი სეზონური ალერგია აქვს. მე დღის განმავლობაში ვმუშაობ და მის ქცევას მუდმივად ვერ ვხედავ. ვამოწმებ აპლიკაციას და როდესაც ვამჩნევ, რომ ლოკვა და ფხანა იზრდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას ალერგიის წამლები უნდა მივცე და ცოტა ხნით უფრო ყურადღებით დავაკვირდე. ეს ძალიან მოსახერხებელია, ამიტომ ამის დაკარგვა ძალიან ცუდია.“
Whistle-ის გარანტიებიც უქმდება და მოწყობილობის მონაცემები დაიკარგება. მონაცემები არ გადავა ჩანაცვლებულ Tractive მოწყობილობებზე, რადგან „Whistle იყენებს განსხვავებულ ალგორითმებს, რომლებიც Tractive-ის სისტემებთან თავსებადი არ იქნება“, — აცხადებს Tractive.
ალბათ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 31 აგვისტოს, ათასობით GPS ტრეკერი და მონიტორი ელექტრონულ ნარჩენად გადაიქცევა. გაურკვეველია, რამდენი Whistle-ის ტრეკერი რჩება აქტიური, მაგრამ 2015 წელს Forbes-ი იტყობინებოდა, რომ Whistle-ს 100,000 აქტიური მოწყობილობა ჰყავდა.
Whistle-ის მოწყობილობები შეუერთდება იმ დიდი ხნის დაკავშირებული მოწყობილობების გრძელ სიას, რომელთა შემქმნელებმაც IoT-ბუმის დაპირებების შესრულება ვერ შეძლეს. აშშ-ის PIRG-ის საგანმანათლებლო ფონდის შეფასებით, „2014 წლიდან მოყოლებული, ვადაგასული პროგრამული უზრუნველყოფისა და გაუქმებული ღრუბლოვანი სერვისების გამო, სულ მცირე, 130 მილიონი ფუნტი (დაახლ. 59,000 ტონა) ელექტრონული ნარჩენი შეიქმნა“.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






