კვლევების მიმოხილვა: 7 საინტერესო სამეცნიერო ამბავი, რომელიც თითქმის გამოგვრჩა
ივლისის თვის სამეცნიერო აღმოჩენების მიმოხილვა: მაიას პირველი მეფის სამარხის აღმოჩენა, სისხლის შხეფების ფიზიკა, სპილოს ყურებით შთაგონებული შენობის დიზაინი და სხვა საინტერესო კვლევები.

ივლისის სხვა ამბები: 150-წლიანი ნამარხის საიდუმლოს ამოხსნა და იალქნიანი ნავის ფიზიკა.
სამწუხარო რეალობაა, რომ არასდროს არის საკმარისი დრო ყველა იმ საინტერესო სამეცნიერო ამბის გასაშუქებლად, რომელსაც ყოველთვიურად ვაწყდებით. ივლისის სია მოიცავს ბელიზში, კარაკოლის პირველი მაიას მეფის სამარხის აღმოჩენას, იალქნიანი ნავის ფიზიკას, სპილოს ყურების სტრუქტურას, რომელმაc, შესაძლოა, მომავლის შენობების დიზაინი შთააგონოს და სხვა სახალისო ისტორიებს.
კარაკოლის პირველი მეფის სამარხი იპოვეს
არქეოლოგებმა, არლენ და დაიან ჩეისებმა, ბელიზში, ძველი მაიას ქალაქ კარაკოლში, აღმოაჩინეს ქალაქის პირველი მმართველის, ტე კ'აბ ჩააკის, სამარხი, რომელმაc ტახტი ახ.წ. 331 წელს დაიკავა. ეს პირველი სამეფო სამარხია, რომელიც ცოლ-ქმარმა 40-წლიანი გათხრების განმავლობაში იპოვა. სამარხში აღმოჩნდა მმართველის ჩონჩხი, ჭურჭელი, მოჩუქურთმებული ძვლის არტეფაქტები, ნეფრიტის სამკაულები და ნეფრიტის მოზაიკური სიკვდილის ნიღაბი.
როგორ იშლება სისხლი ტანსაცმელზე
სისხლის შხეფების ანალიზი სასამართლო ექსპერტიზის მთავარი ფოკუსია. ჟურნალ Forensic Science International-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ როდესაც სისხლის ლაქას აქვს ცენტრიდან გამავალი „თითები“, რაც მეტია თითების რაოდენობა, მით უფრო სწრაფად მოძრაობდა სისხლი ქსოვილთან შეჯახებამდე. რაც უფრო სწრაფად მოძრაობდა სისხლი, მით მეტი „სატელიტური წვეთი“ იქნება — პატარა ლაქები ცენტრალური ლაქის გარშემო.
ულტრა-მდიდრების ოფშორული აქტივების პრაქტიკა
დარტმუთის მკვლევრებმა მანქანური სწავლება გამოიყენეს ორი საჯარო მონაცემთა ბაზის გასაანალიზებლად და გამოავლინეს მკაფიო პატერნები იმ სტრატეგიებში, რომლებსაც 65 სხვადასხვა ქვეყნის ოლიგარქები და მილიარდერები ოფშორული აქტივების დასამალად იყენებენ. ავტორიტარული ქვეყნების მილიარდერები უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ ფარულ აქტივებს მრავალ სხვადასხვა ცენტრში — „კონფეტის სტრატეგია“. ეფექტიანი რეგულაციების მქონე ქვეყნებიდან კი უფრო მეტად იყენებენ „დამალვის სტრატეგიას“, რომელიც მოიცავს მეტ შავ სიაში მყოფ იურისდიქციას.
შუა საუკუნეების სამკურნალო საშუალებები TikTok-ის ტრენდების მსგავსია
შუა საუკუნეების სამედიცინო პრაქტიკა ბევრად უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე სტერეოტიპულად მიიჩნევა. ზოგიერთი სამკურნალო საშუალება დიდად არ განსხვავდება ალტერნატიული მედიცინის იმ მეთოდებისგან, რომლებსაც დღეს TikTok-ის ინფლუენსერები აქებენ. არსებობს დეტოქს-გაწმენდები და ადგილობრივი მალამოები, მაგალითად, ატმის კურკის დაფქვა, ვარდის ზეთთან შერევა და შუბლზე წასმა შაკიკის ტკივილის შესამსუბუქებლად.
იალქნიანი ნავის ფიზიკა
ფიზიკოსებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს რთული სითხის დინამიკა, რომელიც იალქნიანი ნავის ქარის საწინააღმდეგოდ სვლისას (tacking) მოქმედებს. მათ დაასკვნეს, რომ არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც წარმატებულ მანევრს განსაზღვრავს: იალქნის სიმყარე, მისი დაჭიმულობა ქართან შეხებამდე და საბოლოო იალქნის კუთხე ქარის მიმართულებასთან მიმართებაში.
სპილოს ყურები შენობის დიზაინის შთაგონება ხდება
დრექსელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს ზედაპირები, რომლებიც ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობს: ისინი იყენებენ ე.წ. ფაზური გარდაქმნის მასალებს, რომლებსაც შეუძლიათ, საჭიროებისამებრ, შთანთქან და გამოათავისუფლონ თერმული ენერგია, როდესაც თხევად და მყარ მდგომარეობებს შორის გადადიან. მათ ბეტონის ზედაპირზე არხების ბადე შექმნეს და ეს არხები პარაფინზე დაფუძნებული მასალით შეავსეს. სტრუქტურა მსგავსია კურდღლისა და სპილოს ყურებისა, რომლებსაც სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში ვრცელი სისხლძარღვოვანი ქსელები ეხმარება.
საუკუნის წინანდელი სამუზეუმო ექსპონატის იდენტიფიცირება
მიჩიგანის უნივერსიტეტის ევოლუციურმა ბიოლოგმა, რიჩარდ კნეხტმა, ჰარვარდის მუზეუმში კოლექციის დათვალიერებისას, 1865 წელს აღმოჩენილი ნამარხი, რომელიც მრავალფეხად იყო მონიშნული, ამოიცნო, როგორც ლობოპოდის ტიპი. ეს არის აქამდე ნაპოვნი ყველაზე ადრეული ლობოპოდი და ეს კონკრეტული სახეობა ასევე ევოლუციურ ნახტომს აღნიშნავს, რადგან ის პირველი ცნობილი ლობოპოდია, რომელიც არ იყო ზღვის ბინადარი.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






