რობოტულ საცეცს, ნამდვილი რვაფეხას მსგავსად, გარემოსთან ადაპტაცია შეუძლია
ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ახალი რობოტული საცეცი, რომელიც რვაფეხას ბიოლოგიური საცეცის მუშაობის პრინციპს იმეორებს, მათ შორის, ლორწოს გამოყოფის სიმულაციას წყლის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია რბილ რობოტებს არათანაბარ ზედაპირებზე მიმაგრების საშუალებას მისცემს.

არათანაბარ ზედაპირებზე მიმაგრება და გაშვება იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს.
ყველაზე გენიალური ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი ბუნებითაა შთაგონებული. ფერის ცვლის უნარის მქონე მასალებიდან, რომლებიც ცეფალოპოდების კანს ბაძავენ, პაწაწინა ბიომიმეტურ რობოტამდე, რომელიც ნამდვილი ტარაკანივით გამოიყურება და მოძრაობს — ზოგიერთი ორგანიზმის უჩვეულო ადაპტაციებმა ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააუმჯობესა. ახლა კი, რვაფეხამ თავისი წვლილი შეაქვს.
რვაფეხას საცეცებს საოცრად ძლიერი მისაწებებელი დისკოები (suckers) აქვთ, რომელთა ადჰეზიური ძალა შეიძლება დიდი უპირატესობა იყოს რბილი რობოტებისთვის, რომლებსაც საგნების აღება და დაჭერა სჭირდებათ. არსებული ხელოვნური მისაწებებელი დისკოები არათანაბარ ზედაპირებზე, როგორიცაა ქვები და ნიჟარები, ცუდად მუშაობს. ცეფალოპოდებმა, როგორიცაა რვაფეხები და კალმარები, განავითარეს ბიოლოგიური მისაწებებლები, რომლებსაც შეუძლიათ, თითოეულ ზედაპირს მოერგონ და მიემაგრონ.
სწორედ ამიტომ, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა, ტიანქი იუეს ხელმძღვანელობით, შექმნა რობოტული მისაწებებლები, რომლებიც ნამდვილთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.
როგორ მუშაობს რვაფეხას საცეცი?
ბიოლოგიური მისაწებებლების უპირატესობის ერთ-ერთი მიზეზი ლორწოს გამოყოფაა, რაც მათ არათანაბარ ზედაპირზე უკეთ მიწებების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ რობოტული მისაწებებლები ამას ზუსტად ვერ იმეორებენ, იუემ მოიფიქრა გზა, თუ როგორ გამოეყენებინათ მათ ლორწოს ნაცვლად წყალი.
რვაფეხას საცეცებზე არსებული მისაწებებლები საგნებს მაშინ ეჭიდება, როდესაც მათი მექანორეცეპტორული უჯრედები, რომლებიც ისეთ სტიმულებს აღიქვამენ, როგორიცაა ზედაპირის ტექსტურა, ტვინს შეტყობინებას უგზავნიან. ეს შეტყობინება ცხოველს ეუბნება, თუ როგორ უნდა დეფორმირდეს მისაწებებელი, რომ ზედაპირს მინიმალური გაჟონვით მიეკრას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელოვნური მისაწებებელი დისკოები რვაფეხას ადაპტირებადი საცეცებით იყო შთაგონებული. თუმცა, წინა მეთოდებს გარკვეული წარმატება ჰქონდა, მაგრამ ისინი მიდრეკილი იყო გაჟონვისკენ და ხშირად სამუშაოდ ვაკუუმ-ტუმბოებს საჭიროებდა. იუეს გუნდმა შექმნა მისაწებებელი, რომელიც მორფოლოგიურად და მექანიკურად რვაფეხას საცეცის მსგავსი იყო — შიგნიდან სილიკონის ღრუბლისებრი მასალით და გარედან რბილი სილიკონის საფარით.
მაგრამ იუემ იფიქრა, რომ წინა მოდელების პრობლემების გადაწყვეტა იყო ისეთი მისაწებებლის შექმნა, რომელიც რვაფეხას საცეცების ლორწოს გამოყოფის სიმულაციას მოახდენდა.
რობოტული ლორწო
ცეფალოპოდების მიწებების უნარი ადრე მათი რბილი, მოქნილი სხეულების დამსახურებად ითვლებოდა. ლორწოს გამოყოფას, ძირითადად, ყურადღებას არ აქცევდნენ, სანამ იუემ არ გადაწყვიტა, ის თავის რობო-საწებებში ჩაერთო.
მოლუსკების ლორწო წყალზე ხუთჯერ უფრო ბლანტია. იუეს მისაწებებლებისთვის შეიქმნა ხელოვნური სითხის სისტემა, რომელიც ბიოლოგიური საცეცის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეციის იმიტაციას ახდენს და ქმნის თხევად ბეჭედს მისაწებებელსა და ზედაპირს შორის, რითაც თითქმის სრულად აქრობს ნაპრალებს. მას, შესაძლოა, რვაფეხას ლორწოს სიძლიერე არ ჰქონდეს, მაგრამ წყალი საუკეთესო ალტერნატივაა რობოტისთვის, რომელიც წყალში იქნება ჩაძირული.
აღმოჩნდა, რომ წყლის ბეჭდის მქონე მისაწებებელ დისკოებს საგნებზე 55-ჯერ უფრო დიდხანს შეუძლიათ ჩაჭიდება, ვიდრე მათ გარეშე.
რთულ ზედაპირებთან, როგორიცაა ქვები და უსწორმასწორო ტექსტურის მქონე პლასტმასის ფიგურები, სილიკონის მისაწებებელმა რობოტის ხელზე შეძლო, მათ მორგებოდა და დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა ჩაჭიდება, თითქმის გაჟონვის გარეშე.
„ჩვენი შეწოვის მექანიზმი აჩვენებს სითხის რეგულირების დიდ პოტენციალს შეწოვის ადაპტაციის გაუმჯობესებაში,“ — განაცხადეს მკვლევრებმა. „ის ქმნის უნიკალურ, დაბალხარჯიან, სუფთა და მძლავრ რბილი ადჰეზიის სტრატეგიას შემდეგი თაობის რობოტებისთვის.“
ახლა, როდესაც ტექნოლოგიამ ასეთი შემზარავად რეალისტური მისაწებებლები შექმნა, დაელოდეთ მათგან შემდგარ მთლიან საცეცებსაც.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






