Belkin-ი გვიჩვენებს, როგორ თამამად „ააგურებენ“ ტექ-კომპანიები მომხმარებლების მოწყობილობებს
Belkin-ი წყვეტს თავისი Wemo ჭკვიანი სახლის პროდუქტების უმეტესობის მხარდარებას, რაც მათ ფუნქციონალობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ეს შემთხვევა ხაზს უსვამს IoT მოწყობილობების „გააგურების“ მზარდ პრობლემას და მომხმარებელთა უფლებების საკითხს.

მარტივი ალტერნატივა არ არსებობს და ამის ფასს IoT მომხმარებლები იხდიან.
გარკვეულწილად მოსალოდნელი ნაბიჯით, Belkin-ი თავისი ჭკვიანი სახლის პროდუქტების უმეტესობას აუქმებს. 31 იანვრიდან კომპანია შეწყვეტს თავისი Wemo მოწყობილობების უმრავლესობის მხარდაჭერას, რაც მომხმარებლებს ძირითადი ფუნქციონალისა და მომავალი განახლებების გარეშე დატოვებს.
მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილსა და Belkin-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „საგულდაგულო განხილვის შემდეგ, მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ ძველი Wemo პროდუქტების ტექნიკური მხარდაჭერა 2026 წლის 31 იანვრიდან. ამ თარიღის შემდეგ, რამდენიმე Wemo პროდუქტის მართვა Wemo აპლიკაციის საშუალებით შეუძლებელი გახდება. ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც ღრუბლოვან კავშირზეა დამოკიდებული, მათ შორის, დისტანციური წვდომა და ხმოვან ასისტენტებთან ინტეგრაცია, მუშაობას შეწყვეტს.“ კომპანიის თქმით, იმ ადამიანებს, რომელთა დაზარალებული მოწყობილობებიც 31 იანვრისთვის გარანტიის ქვეშ იქნება, თებერვლიდან „შესაძლოა, ნაწილობრივი თანხის დაბრუნების უფლება ჰქონდეთ“. დაზარალებული 27 მოწყობილობის ბოლო გაყიდვის თარიღები 2015 წლის აგვისტოდან 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ეს განცხადება ნიშნავს, რომ მალე ისეთი ფუნქციები, როგორიცაა Amazon Alexa-სთან მუშაობა, მოულოდნელად შეწყვეტს მუშაობას ზოგიერთ უკვე შეძენილ Wemo მოწყობილობაზე. Wemo აპლიკაციაც შეწყვეტს მუშაობასა და განახლებას, რაც გააქრობს Wemo პროდუქტების მართვის უმარტივეს გზას, მათ შორის, Wi-Fi-სთან დაკავშირებას, მოხმარების მონიტორინგს, ტაიმერების გამოყენებასა და Away Mode-ის გააქტიურებას. რა თქმა უნდა, განახლებებისა და ტექნიკური მხარდაჭერის დასრულებას უსაფრთხოების კუთხითაც ექნება შედეგები.
ადამიანები კვლავ შეძლებენ დაზარალებული მოწყობილობების გამოყენებას, თუ პროდუქტებს 31 იანვრამდე Apple HomeKit-ით დააკონფიგურირებენ. ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი Wemo მოწყობილობების მართვა Wemo აპლიკაციასა და Belkin-ის ღრუბელზე დაყრდნობის გარეშე. Belkin-ის თქმით, 27 მოწყობილობიდან, რომელთა მხარდაჭერასაც წყვეტს, შვიდი HomeKit-თან თავსებადია.
ჭკვიანი მოწყობილობების „გააგურება“ ძალიან გავრცელებულია
Belkin-ის მიერ Wemo-ს პროდუქტების უმეტესობის მიტოვება ნივთების ინტერნეტის (IoT) კომპანიის მიერ პროდუქტის მხარდაჭერის შეწყვეტისა და მომხმარებლის მოწყობილობების ელექტრონულ ნარჩენებად ქცევის უახლესი მაგალითია. აშშ-ის საზოგადოებრივი ინტერესების კვლევითი ჯგუფის (PIRG) შეფასებით, „2014 წლიდან ვადაგასული პროგრამული უზრუნველყოფისა და გაუქმებული ღრუბლოვანი სერვისების გამო მინიმუმ 130 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 59,000 ტონა) ელექტრონული ნარჩენი შეიქმნა“. ის, რასაც Belkin-ი აკეთებს, დაკავშირებული მოწყობილობების მწარმოებლებისთვის ცხოვრების წესად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს კომპანიები ზედმეტად კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ადამიანებს პროდუქტებს ყიდიან და შემდეგ ამ პროდუქტების ფუნქციონალს ამცირებენ.
თავად Belkin-მა მსგავსი რამ 2020 წლის აპრილშიც გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ Wemo NestCam სახლის უსაფრთხოების კამერების მხარდაჭერას მომდევნო თვეში შეწყვეტდა. მაშინ Forbes-ის ავტორი წერდა: „ამ ამბის შემდეგ, შესაძლოა, Belkin-ს აღარასდროს ენდონ“. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, Belkin-ი მომხმარებლებს მსგავს ისტორიას უყვება — ყოველ შემთხვევაში, ამჯერად მის მომხმარებლებს მეტი დრო აქვთ წინასწარ.
IoT კომპანიები სასტიკ გამოწვევებს აწყდებიან შედარებით ახალი ტიპის პროდუქტების გაყიდვის, ძველი და ახალი პროდუქტების უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულის შოვნის კუთხით. ზოგჯერ კომპანიები ამ მცდელობებში მარცხდებიან, ზოგჯერ კი ფულის ნაწილს ანიჭებენ პრიორიტეტს.
გამოსავალი არ ჩანს
მე არ მშურს იმ დაბრკოლებების, რომლებსაც Belkin-ის მსგავსი IoT ფირმები აწყდებიან. დაკავშირებული მოწყობილობები ბევრი ადამიანის ცხოვრების ცენტრალური ნაწილია და რომ არა Belkin-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი (და მომხმარებლების) „შუქი ანთებული“ შეინარჩუნონ, თანამედროვე ტექნოლოგია დღეს ძალიან განსხვავებული იქნებოდა.
მაგრამ შემაშფოთებელია, თუ რა მარტივად შეუძლიათ ჭკვიანი მოწყობილობების მწარმოებლებს, გადაწყვიტონ, რომ თქვენი საკუთრება აღარ იმუშავებს. ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი არ აქვს. თუმცა, იმ კომპანიების მიერ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რომლებიც მომხმარებელთა მოწყობილობებს „ააგურებენ“, უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კომპანიებს მხარს უჭერენ. თუ ტექნოლოგიურ ფირმებს არ შეუძლიათ იმ პროდუქტების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი ქმნიან, მაშინ ადამიანები — და შესაძლოა, ერთ დღეს კანონიც — ნაკლებად დაუჭერენ მხარს მათ ბიზნესს.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






