დიდ ბრიტანეთში Google-სა და Apple-სთვის ქცევის ახალი წესები შემოდის

დიდი ბრიტანეთის ანტიმონოპოლიური სააგენტო (CMA) გეგმავს, Apple-სა და Google-ს „სტრატეგიული საბაზრო სტატუსი“ მიანიჭოს და App Store-ებზე ევროკავშირის სტილის შეზღუდვები დააწესოს, რაც 30%-იანი საკომისიოს შემცირებას ისახავს მიზნად.

დიდ ბრიტანეთში Google-სა და Apple-სთვის ქცევის ახალი წესები შემოდის

წესები App Store-ებზე ევროკავშირის სტილის შეზღუდვებს მოიცავს.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

Apple-სა და Google-ს დიდი ბრიტანეთში სმარტფონების პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების მაღაზიების მართვის ახალი წესების წინაშე დგანან, რადგან ბრიტანეთის ანტიმონოპოლიური სააგენტო Big Tech კომპანიებზე ევროპული სტილის ახალი კონტროლის დაწესებას ცდილობს.

შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, შეამციროს 30%-მდე საკომისიო, რომელსაც Apple-ი და Google-ი მობილური აპლიკაციების მაღაზიების მეშვეობით განხორციელებული ციფრული ტრანзакციებისთვის იღებენ, ასევე, ხელი შეუშალოს მათ, საკუთარი სისტემები ისე დააპროექტონ, რომ უპირატესობა საკუთარ აპლიკაციებსა და სერვისებს მიანიჭონ.

დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სააგენტომ (CMA) გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, ამ ორ Silicon Valley-ს ჯგუფს „სტრატეგიული საბაზრო სტატუსს“ მიანიჭებს, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს, კომპანიებზე ქცევის წესები დააწესოს.

ამ სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ოქტომბერში იქნება მიღებული, რის შემდეგაც პოტენციურ ცვლილებებზე კონსულტაციები დაიწყება.

CMA-ს ხელმძღვანელმა, სარა კარდელმა, განაცხადა, რომ სააგენტოს გამოძიებამ სმარტფონებზე „მეტი ინოვაციისა და არჩევანის შესაძლებლობები“ გამოავლინა. ეს მოიცავს დეველოპერებისთვის იმის უფლების მინიჭებას, რომ მომხმარებლები ციფრული სერვისების გადასახდელად აპლიკაციების მაღაზიების გარეთ გადაამისამართონ და Apple-ის სერვისებსა და მესამე მხარის სერვისებს შორის მეტი „ურთიერთთავსებადობის“ უზრუნველყოფას, მაგალითად, ციფრულ საფულეებსა და სმარტ საათებში.

თუმცა, სააგენტო მომავალ წლამდე გადადებს საკვანძო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მოსთხოვოს თუ არა Apple-ს, დაუშვას აპლიკაციების გავრცელება მისი App Store-ის გვერდის ავლით, რამაც ზოგიერთი დეველოპერული ჯგუფის კრიტიკა გამოიწვია. ტიმ სუინიმ, Fortnite-ის დეველოპერი Epic Games-ის ხელმძღვანელმა, CMA-ს დაგეგმილი ცვლილებები „გასაკვირად სუსტად“ შეაფასა და ალტერნატიული აპლიკაციების მაღაზიებზე გადაწყვეტილების გადადებას „გამოუყენებელი შესაძლებლობა“ უწოდა.

კომპანიების პასუხი

Google-ი და Apple-ი გამოკვეთილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ მათ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან მომხმარებლის უსაფრთხოებას და შეაფერხონ ახალი პროდუქტებისა და სერვისების გამოშვება დიდ ბრიტანეთში.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ წესები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი ახლა განიხილავს, ძირს გამოუთხრის იმ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ელიან, შეაფერხებს ჩვენს ინოვაციის უნარს და გვაიძულებს, ჩვენი ტექნოლოგია უცხოელ კონკურენტებს უფასოდ გადავცეთ,“ — განაცხადა Apple-მა.

Google-ის კონკურენციის უფროსმა დირექტორმა, ოლივერ ბეთელმა, CMA-ს ნაბიჯს „იმედგამაცრუებელი და გაუმართლებელი“ უწოდა და დასძინა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი რეგულაცია მტკიცებულებებზე იყოს დაფუძნებული და დიდი ბრიტანეთის ზრდისთვის დაბრკოლებად არ იქცეს“.

Apple-ი არაერთხელ დაუპირისპირდა ბრიუსელს ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტის (DMA) იმპლემენტაციის გამო. CMA აცხადებს, რომ ის ევროკავშირისგან განსხვავებულ, უფრო „მორგებულ“ და ეტაპობრივ მიდგომას იყენებს, DMA-ს ზოგადი წესებისგან განსხვავებით.

თუ კომპანიის პროდუქტს ან სერვისს „სტრატეგიული საბაზრო სტატუსი“ მიენიჭება, ის შეიძლება ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. კომპანიები ქცევის წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, გლობალური ბრუნვის 10%-მდე დაჯარიმდნენ.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0