Chrome OS-ი და Android-ი „ერთიანდება“ — რას ნიშნავს ეს სინამდვილეში?
Google-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ Android-ი და Chrome OS-ი ერთიანდება. რას ნიშნავს ეს Chromebook-ების მომავლისთვის და როგორ გეგმავს Google-ი iPad-თან კონკურენციას — ამ კითხვებს სტატიაში განვიხილავთ.

Google-ის წარმომადგენელი Sameer Samat-ი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს „გაერთიანება“.
Android-ი და Chrome OS-ი წლების განმავლობაში პარალელურად ვითარდებოდა, მაგრამ Google-ი თავისი ოპერაციული სისტემების ოპტიმიზაციას გეგმავს. ახლახან მიცემულ ინტერვიუში, Android Ecosystem-ის პრეზიდენტმა, Sameer Samat-მა, პირდაპირ განაცხადა, რომ Android-ი და Chrome OS-ი ერთიანდება. ეს ცვლილება, რომელიც დიდი ხანია მზადდება, შესაძლოა, Google-ს მეტი მანევრირების საშუალებას მისცემს ახალი მობილური გამოთვლითი გამოცდილების დაგეგმვისას.
ინტერვიუს დროს, TechRadar-ის ჟურნალისტს, Lance Ulanoff-ს, სხვა საკითხები აინტერესებდა, მაგრამ Samat-მა მას კითხვები დააყარა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ის თავის Apple მოწყობილობებს. „ეს იმიტომ გკითხეთ, რომ ჩვენ ვაპირებთ ChromeOS-ისა და Android-ის ერთ პლატფორმად გაერთიანებას და ძალიან მაინტერესებს, როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ ლეპტოპებს ამ დღეებში და რას ასწრებენ“, — თქვა Samat-მა.
ინტერვიუს დარჩენილ ნაწილში ეს თემა აღარ გაგრძელებულა, მაგრამ ეს, ალბათ, ყველაზე საინტერესო რამ იყო, რაც Samat-მა თქვა. „გაერთიანება“ ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ. ამ შემთხვევაში, ეს, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ Chrome OS-ის, მისი ამჟამინდელი ფორმით, ბედი გადაწყვეტილია.
Chrome OS-ს ნამდვილად ჰქონდა თავისი მომენტი პანდემიის დროს, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადასული თანამშრომლები და სტუდენტები იაფ ლეპტოპებს ეძებდნენ. Google-ი მრავალ OEM პარტნიორთან მუშაობდა Chromebook-ების მთავარი მოდელების პოპულარიზაციისთვის და თავად Chrome OS-მაც დიდი განახლებები მიიღო.
მას შემდეგ ვითარება სტაგნაციაშია — ახლა იშვიათად გვესმის, რომ Google-ი Chrome OS-ზე საუბრობს. AI-ის ეპოქაში, Google-ი კვლავ პოულობს დროს, ისაუბროს Android-ზე და პლატფორმას ახალი ფუნქციები დაამატოს. ფაქტობრივად, Android-ი ცოტა უფრო ემსგავსება Chrome OS-ს დესკტოპის მრავალამოცანიანი რეჟიმის (multitasking) მხარდაჭერის დამატებით, რომელიც უახლოეს თვეებში გამოვა. ასე რომ, Google-ი Android-ს უფრო მძლავრ დესკტოპ ოპერაციულ სისტემად აქცევს, მაშინ როცა Chrome OS-ი კურსს არ ცვლის.
Android-ის Google-ის პერსონალური გამოთვლების მთავარ საფუძვლად ქცევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს კომპანიის მორიგ მცდელობას, კონკურენცია გაუწიოს iPad-ს. წარსულში მან სცადა როგორც Android, ისე Chrome OS პლანშეტები, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა Apple-ის ზრდა ვერ შეანელა. თუმცა, Android-ის უფრო მძლავრმა ვერსიამ დესკტოპის ფანჯრების მართვის ფუნქციით, შესაძლოა, ორივე სამყაროს საუკეთესო თვისებები შემოგვთავაზოს. Chrome OS-ი უკვე მხარს უჭერს Android აპლიკაციებს, ასე რომ, Play Store-ში საფუძველი უკვე არსებობს. Arm-ზე დაფუძნებული ლეპტოპების ზრდა ასევე კარგ დროს ქმნის Android-ის მასშტაბირებისთვის. მეორე მხარეს კი, ვხედავთ, რომ Apple-ს სულ უფრო მეტი დესკტოპის სტილის ფუნქცია შემოაქვს iPad-ზე. როგორც ჩანს, ორივე კომპანია მსგავსი გამოცდილებისკენ მიდის, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებიდან.
თუმცა, Google-ის პროგრამულ ეკოსისტემაში ნებისმიერმა დიდმა ცვლილებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენაც მოახდინოს. ამჟამინდელი Chromebook-ები საბაზისო პლატფორმებზეა დაფუძნებული, რომლებსაც შთამბეჭდავი, 10-წლიანი განახლებების მხარდაჭერა აქვთ. ამ ლეპტოპების უმეტესობა Arm-ის ნაცვლად x86 არქიტექტურაზე მუშაობს, Android-ის x86 მხარდაჭერა კი არასტაბილურია. Arm-ის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, როგორ იმუშავებს ამ მოწყობილობების მომავალი განახლებები? ამან შეიძლება ნამდვილი ქაოსი გამოიწვიოს.
Google-ის ოფიციალური განცხადებების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დრო დასჭირდეს, სანამ ამ ცვლილების ბუნება სრულად ნათელი გახდება. მაგრამ, იმის მიუხედავად, თუ როგორ ესმის Google-ს „გაერთიანება“ ამ შემთხვევაში, Chromebook-ებისთვის რაღაცები ნამდვილად შეიცვლება.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






