ფიზიკოსებმა ორი მასიური შავი ხვრელის რეკორდული შერწყმა დააფიქსირეს
LIGO/Virgo/KAGRA-ს კოლაბორაციამ გრავიტაციული ტალღების დეტექტორებით ორი შავი ხვრელის დღემდე ყველაზე მასიური შერწყმა დააფიქსირა. შედეგად წარმოიქმნა ახალი შავი ხვრელი, რომლის მასაც მზისას 225-ჯერ აღემატება.

ამ მოვლენის შედეგად წარმოიქმნა ახალი შავი ხვრელი, რომლის მასა მზისას 225-ჯერ აღემატება.
LIGO/Virgo/KAGRA-ს კოლაბორაციის ფიზიკოსებმა დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღის სიგნალი (სახელწოდებით GW231123), რომელიც დღემდე აღმოჩენილი ორი შავი ხვრელის ყველაზე მასიური შერწყმის შედეგია. ამ პროცესში წარმოიქმნა ახალი შავი ხვრელი, რომელიც ჩვენს მზეზე 225-ჯერ უფრო მასიურია. შედეგები გლაზგოში, შოტლანდიაში, გამართულ გრავიტაციული ტალღებისადმი მიძღვნილ ედოარდო ამალდის კონფერენციაზე წარადგინეს.
LIGO/Virgo/KAGRA-ს კოლაბორაცია სამყაროში შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგად წარმოქმნილ გრავიტაციულ ტალღებს ეძებს. LIGO გრავიტაციულ ტალღებს ლაზერული ინტერფერომეტრიის საშუალებით აფიქსირებს, რა დროსაც მაღალი სიმძლავრის ლაზერებს იყენებს კილომეტრებით დაშორებულ ორ ობიექტს შორის მანძილის უმცირესი ცვლილებების გასაზომად. LIGO-ს დეტექტორები აქვს ჰენფორდში (ვაშინგტონი) და ლივინგსტონში (ლუიზიანა). მესამე დეტექტორი იტალიაში, Advanced Virgo, 2016 წელს ჩაერთო მუშაობაში. იაპონიაში კი KAGRA აზიაში პირველი და მიწისქვეშ აგებული პირველი გრავიტაციული ტალღების დეტექტორია.
დღემდე, კოლაბორაციამ პირველი, ნობელის პრემიის მფლობელი აღმოჩენის შემდეგ შერწყმის ათობით მოვლენა დააფიქსირა. თავდაპირველად აღმოჩენილი შერწყმები ან ორ შავ ხვრელს, ან ორ ნეიტრონულ ვარსკვლავს მოიცავდა. 2021 წელს კი LIGO/Virgo/KAGRA-მ შავ ხვრელებსა და ნეიტრონულ ვარსკვლავებს შორის ორი ცალკეული „შერეული“ შერწყმის აღმოჩენა დაადასტურა.
LIGO/Virgo/KAGRA-მ დაკვირვების მეოთხე ეტაპი 2023 წელს დაიწყო და მომდევნო წელს გამოაცხადა სიგნალის დაფიქსირების შესახებ, რომელიც ორი კომპაქტური ობიექტის შერწყმაზე მიუთითებდა. აქამდე, ყველაზე მასიური შავი ხვრელის შერწყმა იყო GW190521, რომელიც 2020 წელს აღმოაჩინეს. მან შექმნა ახალი შავი ხვრელი, რომლის მასა მზისას დაახლოებით 140-ჯერ აღემატებოდა. ახალი აღმოჩენა, GW231123, მნიშვნელოვნად აღემატება წინა რეკორდს. კოლაბორაციის თანახმად, ორი შავი ხვრელი, რომლებიც შეერწყა, დაახლოებით 100 და 140 მზის მასის იყო. აღმოჩენის გამოცხადებას დრო დასჭირდა, რადგან ობიექტები ძალიან სწრაფად ბრუნავდნენ, ფარდობითობის ზოგადი თეორიით დადგენილ ზღვრებთან ახლოს, რაც სიგნალის ინტერპრეტაციას გაცილებით ართულებდა.
აღმოჩენა ასევე იმითაა გამორჩეული, რომ ის ეწინააღმდეგება ვარსკვლავური ევოლუციის ამჟამინდელ თეორიებს. წინამორბედი შავი ხვრელები ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ სუპერნოვას აფეთქების შედეგად წარმოქმნილიყო. მისი წინამორბედის, GW190521-ის მსგავსად, GW231123, შესაძლოა, ე.წ. „იერარქიული შერწყმის“ მაგალითი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ორი წინამორბედი შავი ხვრელი, თავის მხრივ, წინა შერწყმის შედეგი იყო, სანამ ისინი ერთმანეთს იპოვიდნენ და შეერწყმებოდნენ.
„ასეთი მასიური და სწრაფად მბრუნავი სისტემის აღმოჩენა გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი მონაცემების ანალიზის ტექნიკისთვის, არამედ მომდევნო წლების განმავლობაში დიდ გავლენას მოახდენს შავი ხვრელების ფორმირების არხებისა და ტალღური ფორმის მოდელირების თეორიულ კვლევებზე“, — განაცხადა Ed Porter-მა პარიზის CNRS-დან.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






